გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ნათქვამია ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებაში.
"მოგახსენებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა. ჩემი საქართველოში მუშაობის პერიოდში მთავრობის გუნდთან ერთად შევძელით სახელმწიფო პოლიტიკაში ძირეული ცვლილებების შეტანა. რეფორმების კუთხით პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგმულია. სასურველი შედეგების მიღწევას კვლავაც დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდება, პროცესი კი უკვე შეუქცევადია. ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში მუშაობა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც რთული არჩევანია გასაკეთებელი. ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც, ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომელიც საშუალებას მომცემს გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემ შვილთან ერთად. ცხადია, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ვესაუბრე მთავრობის მეთაურს და მადლობელი ვარ, რომ მან ჩემი პოზიცია გაიზიარა. მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო იმ მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და ცვლილებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ჩემი ყოფნისას მოხდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტროს ჰყავს ძლიერი გუნდი, რომელიც შეძლებს გააგრძელოს სწორი პოლიტიკა, სიახლეების ინტეგრაცია და გაუმკლავდეს გამოწვევებს, რაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მუდმივი თანმხლები პროცესია",- აღნიშნულია ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებაში.
კონსტიტუციის მიხედვით კი 7 მინისტრის შეცვლის შემთხვევაში მთავრობა ხელახლა უნდა დამტკიცდეს. ამ შემთხვევაში, მთავრობის შემადგენლობას პრეზიდენტი პარლამენტს ნდობის მისაღებად ერთი კვირის ვადაში წარუდგენს.
იმისათვის, რომ მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვოს, მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუ პარლამენტმა ახალი მთავრობა არ დაამტკიცა, კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
გარემოს დაცვის მინისტრამდე მთავრობაში თავდაცვის, საგარეო საქმეთა, ევროინტეგრაციის, შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის უწყების ხელმძღვანელები შეიცვალნენ.
მასალის გამოყენების პირობები