ლარის დევალვაციის ახალ ტალღას საგანგაშოს უწოდებენ ეკონომიკური ექსპერტები.
მათი აზრით, მთავრობამ ვითარების გამოსასწორებლად კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშავოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასების მატება გარდაუვალი იქნება.
ექსპერტები მდგომარეობის ზაფხულისთვის გამოსწორებას არ ელოდებიან და ეკონომიკურ გუნდთან ერთად უმოქმედობაში ეროვნულ ბანკსაც ადანაშაულებენ.
„ლარის შემდგომმა გაუფასურებამ მთავრობა უნდა დააფიქროს იმ მიდგომების არასწორობაზე, რომელიც აქამდე იყო,“ - განაცხადა ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ.
მისი თქმით, ჯერ მთავრობას არანაირ ნაბიჯი არ გადაუდგამს 6 თვის განმავლობაში ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
„ლარის პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის ბიუჯეტის სერიოზული ცვლილება,“ - განაცხადა რომან გოცირიძე.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ ქვეყნის საშინაო პოლიტიკა და მთლიანობაში ეკონომიკური პოლიტიკა არ შეესაბამება იმ სიტუაციას, რაც ქვეყანაში არის.
ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით, ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ თუ ეკონომიკა არ გაცოცხლდა და გარკვეული ძვრები არ შეინიშნა ქვეყანაში, უნდა ჩაითვალოს რომ უფსკრულის ძირამდე ჩავა ქვეყანა. მისი თქმით, კრიზისი ყველა სფეროს შეეხება, მათ შორის ტარიფებს.
მასალის გამოყენების პირობები