ანგარიშის თანახმად, რომელზეც ნემცოვის თანაპარტიელები, ჟურნალისტები და ასევე ეკონომისტი სერგეი ალექსაშენკო მუშაობდა, 2014 წლის აგვისტოში, უკრაინის კონფლიქტის ზონაში 150-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა. მოხსენება იმ ცნობების საფუძველზე გაკეთდა, რომელიც ნემცოვმა დაღუპული ჯარისკაცების ნათესავებისგან მიიღო. სერგეი ალექსაშენკოს შეფასებით, 10 თვეში, რუსეთმა უკრაინასთან ომის დროს 53 მილიარდამდე რუბლი დახარჯა.
მარტში ნემცოვის თანაშემწემ ოლგა შორინამ ჟურნალისტებს წარუდგინა ბარათი, რომელიც ნემცოვმა მას სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გადასაცა.
მასში ეწერა: " ჩემზე გამოვიდნენ მედესანტეები ივანოვოდან. მოკლულია 17. ფული არ მოგვცეს. ჯერ ლაპარაკის ეშინიათ". ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერს ანონიმურმა წყარომ შეატყობინა. მისი ინფორმაციით,რუსი სამხედროები დებალცევოში საბრძოლველად გამგზავრებამდე, არმიიდან დაითხოვეს და მოხალისის სტატუსი მიიღეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი მათ, დაღუპვის შემხთვევაში ოჯახებისათვის კომპენსაციის გადაცემას დაპირდა. როგორც დაღუპული ოჯახის წევრებმა ნემცოვს უთხრეს, სახელმწიფომ დაპირება არ შეასრულა და ისინი დახმარებას რუს ოპოზიციონერს სთხოვდნენ.
ანგარიშში ასევე რუსეთის ხელისუფლების მიერ, უკრაინის კონფლიქტის გამო დახარჯულ თანხებზეცაა საუბარი. გამოძიების თანახმად, პუტინის მთავრობამ 80 მილიარდი რუბლი, მარტო 2014 წელს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან დევნილების შესანახად დახარჯა. გარდა ამისა, აღნიშნულ კვლევაში რუსი ეკონომისტი, სერგეი ალექსაშენკო ამბობს, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსიისა და დასავლეთის ეკონომიკური სანქციების შედეგად 2 ტრილიონი რუბლი დაკარგა.
ანგარიშზე მუშაობა ბორის ნემცოვმა 2015 წლის დასაწყისში დაიწყო. 28 თებერვალს კი იგი მოსკოვის ცენტრში მოკლეს. მისი დაღუპვის შემდეგ, საბუთების შეგროვება, მისმა თანამებრძოლმა ილია იაშინმა გააგრძელა. ანგარიში 64 გვერდიანია.
მასალის გამოყენების პირობები