სენაკის გამგეობაში თბილიში მიმდინარე აქციაზე ინფორმაციას არ ფლობენ. ამის შესახებ რადიო "ათინათს" სენაკის გამგებლის მოადგილემ ვეფხვია ვეფხვაძემ განუცხადა. სახელმწიფო კანცელარიასთან "ქართული ოცნების" სენაკის ორგანიზაციის წევრები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები სენაკის გამგებლად გოჩა ბოკუჩავას დანიშვნას მოითხოვენ. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვეფხია რუსიამ განუცხადა, 2012 წლის 7 დეკემბერს სენაკში საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს და დღის წესრიგში დადგა გამგებლის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენა. მისი თქმით, მოითხოვენ, რომ ამ პოსტზე უნდა დაინიშნოს კოალიცია "ქართული ოცნების" სენაკის შტაბის ყოფილი უფროსი სენაკში გოჩა ბოკუჩავა. ვეფხია რუსიას განცხადებით, უკვე შეგროვებულია 15 000 ხელმოწერა. ისინი დახმარებას საქართველოს პრემიერს სთხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ამ დროისთვის სენაკის გამგებელი "ნაციონალების" წარმომადგენელი თენგიზ ადამიაა.
მასალის გამოყენების პირობები