პოლიტიკა
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურებში ცვლილებები შევა
სისხლის სამართლის საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესსა და პროცედურებში ცვლილებები იგეგმება. პარლამენტში ინიცირებულია "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომლის ავტორი და ინიციატორია დეპუტატი გედევან ფოფხაძე.
პროექტის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე მოსამართლეს ეძლევა შესაძლებლობა, შეკითხვის დასასმელად და დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მხარეებს და მსაჯულობის კანდიდატებს გონივრული ვადა განუსაზღვროს. ამავე პროექტის გათვალისწინებით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მეორე ეტაპზე 18 წელს მიღწეულ პირთა ერთიანი სიიდან, 30 კანდიდატის ნაცვლად, მსაჯულობის 100 კანდიდატი შეირჩევა. გარდა ამისა, თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თითოეული მხარე, ნაცვლად 12 დაუსაბუთებელი აცილებისა, 10 დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლებით ისარგებლებს.
როგორც გედევან ფოფხაძე განმარტავს, პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილებები ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესის გაჭიანურების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს."სასამართლო პრაქტიკის განზოგადების შედეგად ირკვევა, რომ სასამართლო პროცესის გაჭიანურება ხშირ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესის სირთულითა და მისი არაგონივრული გაჭიანურებითაა განპირობებული. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა დაახლოებით 5-დან 8-მდე შერჩევის სხდომას საჭიროებს და ერთ თვეზე უფრო ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ასევე ნაფიც მსაჯულთა მოტივაციასა და მიუკერძოებლობაზე", - აცხადებს გედევან ფოფხაძე.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები