პოლიტიკა
ე.წ. ჯაშუშების საქმის განხილვას ბაჩო ახალაია დაესწრება
ე.წ. ჯაშუშების საქმეზე დღეს, ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას და ნიკა ძიმცეიშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა განახლდება. ბრალდებულების ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, რომ სხდომას ბაჩო ახალაია დაესწრება. ადვოკატის თქმით, დღეს მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. ამ საქმეზე ბრალდებული მეგის ქარდავა და ნიკა ძიმცეიშვილი, როგორც ცნობილია, საქართველოში არ იმყოფებიან. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მათ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ქარდავა და ძიმცეიშვილი ძებნილად არიან გამოცხადებული.ბაჩო ახალაიას კი, ამ საქმეზე ბრალი ე.წ. ჯაშუშებად გამოცხადებული პირების წამების ორგანიზებაში ედება, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით. მას ასევე ედავებიან, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს. მითვისება-გაფლანგვის ბრალდება აქვთ წარდგენილი მეგის ქარდავას და ნიკა ძიმცეიშვილსაც.ბრალდების მხარის მტკიცებით, მეგის ქარდავამ მიითვისა თანხა და ამაში მას დაეხმარნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი ყოფილი მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილი. დაცვის მხარის ინფორმაციით კი, ამ საქმეში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ლევან ბაქრაძეა.დაცვის მხარის ინფორმაციით, თანხა, რომელზეც ბრალდებაშია საუბარი, წარმოადგენს 60 000-მდე ლარს, რომელიც გახარჯულია სერგეი ჩაპლიგინისა და სხვა ე.წ. ჯაშუშების საქმეზე. სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე დაიწყება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები