თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისის მერ გიგი უგულავას არც ერთი სახის აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა. პროკურატურა უგულავასთვის 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა. ასევე, პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ გიგი უგულავას ქვეყნიდან გასვლა აეკრძალოს და საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადდეს. სასამართლომ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, ამ ნაწილში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლბა და კეზერაშვილს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
გიგი უგულავამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ მას 1 მილიონი ლარი არ გააჩნია და ამ თანხას იგი ვერ გადაიხდის.
„ამდენი არ მაქვს და რომ მქონდეს, ეს იქნება ახალი ბრალდება ჩემს მიმართ“ - განაცხადა უგულავამ.
საგამოძიებო უწყება თბილისის მერს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით უგულავას მონაწილეობით რამდენიმე მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია „იმედი“ მიისაკუთრა. რაც შეეხება მეორე ბრალს, პროკურატურა თბილისის მერს ბრალს შპს „თბილსერვის“ ჯგუფში 700-ზე მეტი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის დასაქმებას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები