საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. აზიმ სადიკოვი საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს პასუხობს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვერ მიიღებს მხედველობაში მართლმსაჯულებასთან და ინდივიდუალური პირების კანონთან მიმართებაში დაკავშირებულ საკითხებს, რადგან ეს არ არის მისიის მანდატი.
"საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისას, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არაერთხელ აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობა. საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შელახვა შეასუსტებს ამ ინსტიტუტს, ძირს გამოუთხრის მის სავალუტო და ფინანსური პოლიტიკის სანდოობას და საფრთხეს შეუქმნის ინვესტორთა ნდობას", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისადმი ერთგულება. ყოველივე ამან განაპირობა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკური დახმარების პროგრამებს.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ბოლო პერიოდში გაკეთებული შეთავაზება ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ დააყენებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ჩვენი რეკომენდაციაა, ახლავე გაიმართოს სწორი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და საერთაშორისო ექსპერტებთან. თუ ამ კონსულტაციებით გადაწყდება, რომ ცვლილებები შევიდეს ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში, ნებისმიერმა ცვლილებამ უნდა დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის დაკმოუკიდებლობა და უზრუნველყოს, რომ მისი მმართველობა და ოპერაციები შეესაბამებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადყოფნას გამოთქვამს, გაუწიოს დახმარება ამ სფეროში", - ნათქვამია სადიკოვის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებით, მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გაითვალისწინა.
მასალის გამოყენების პირობები