ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით , შსს-ს თანამშრომლები ქორწინებისას, შვილის შეძენისას ან ახლობლების გარდაცვალებისას ერთჯერადად ფულად პრემიებს მიიღებენ.
მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, დაგეგმილია დახმარებები შსს-ს მრავალშვილიანი თანამშრომლებისთვისაც.
"ჩემი ინიციატივით, სამინისტრო იზრუნებს თითოეული თანამშრომლის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. ჩვენი ბიუჯეტი კი საკმარისია იმისთვის, რომ ცალკეულ შემთხვევებში თანამშრომლებს სახელფასო დანამატები გავუკეთოთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება სამინისტროს თანამშრომლებისთვის სახელფასო დანამატებისა და ერთჯერადი დახმარების შესახებ დღეიდან შევა ძალაში.
უწყების ინფორმაციით, სამინისტროს მრავალშვილიან თანამშრომლებს დღეიდან ყოველთვიური დანამატი დაუწესდათ: ოთხი შვილის მშობელი ყოველთვიურად – 200 ლარს, ხუთი შვილის მშობელი - 300 ლარს, ექვსი შვილის მშობელი - 400 ლარს, შვიდი და მეტი შვილის მშობელი - 500 ლარს მიიღებს.
ასევე ამოქმედდა მინისტრის ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების შესახებ. 1000 ლარიან დახმარებას სამინისტროს თანამშრომელი ერთჯერადად მიიღებს დაქორწინების, შვილის შეძენისა და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.
ყოველთვიურ დანამატსა და ერთჯერად დახმარებას შს სამინისტროს ყველა თანამშრომელი მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები