მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პირისპირ შეხვედრა დასრულდა.
მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ძირითადი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.
პრეზიდენტი მთავრობის კანცელარიაში საკუთარი ელექტრომობილით მივიდა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილი საჭეს თავად არ მართავდა. პრეზიდენტი მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ესკორტმა მიაცილა.
მიხეილ სააკაშვილის კორტეჟი დაახლოებით შვიდი ავტომანქანისგან შედგებოდა.
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეხვედრის შემდეგ განცხადებებს მედიისთვის ცალ-ცალკე გააკეთებენ. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საინტერესო ნიშნავს, რომ არის ფუნდამენტური განსხვავები მათ ხედვაში და ამას არც ერთი არ მალავს.
"მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოა, იყოს შესაძლებლობა, რომ რამდენადაც არ უნდა გართულდეს ასეთი რაღაცეების ერთმანეთისთვის თქმა, სწორია, რომ ჩვენ ეს საუბრები გვქონდეს გახსნილად და არა "ფეისბუქის" და ტელეკამერების საშუალებით. რაც შეეხება კონკრეტულ თემებს, მე პრემიერს კიდევ ერთხელ დავუდასტურე, როგორ ვხედავ თანამშრომლობის შესაძლებლობას საქართველოში. აქ არის რამდენიმე ასპექტი. მე, როგორც პრეზიდენტი, ვარ საკმაოდ უჩვეულო მდგომარეობაში ჩემთვის. ბოლო წლებში შეჩვეული ვარ ყოველ დილით გაღვიძებას, ხალხმრავალ განხილვებს, შეხვედრებს, ახალი ობიექტების გახსნას. თქვენ ხედავთ, რომ ჩემი დღეები ამ გრაფიკისგან მთლიანდ დაცლილია,“-აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა შეხვედრაზე 3 ეკონკრეტული საკითხი დააყენა.
"ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო შენარჩუნდეს, რადგან მთავრობა უნდა მუშაობდეს და მუშაობისთვის სრული თავისუფლება უნდა ჰქონდეს. ვერავინ ვერ შეუშლის ხელს, იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაცას ვერ ვიჭერთ და ამიტომ ვერ ვმუშაობთ, მემგონი, ამას სერიოზულად არავინ იღებს. ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელიც მუშაობს და მათ მთელი უფლებამოსილება გადავეცით, მეორეს მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ, რომ საქართველოში დიქტატისგან თავისუფალი სასამართლო იყოს. ეს სასამართლო ჩემი დიქტატის ქვეშ ბუნებრივად ვერ იქნება, რადგან მე ამის ბერკეტი არ გამაჩნია და ის არ უნდა იყოს არც პროკურატურის დიქტატის ქვეშ, არც რომელიმე სამთავრობო უწყების დიქტატის ქვეშ. ჩვენი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასასამართლოს ხელშეუხებლობის განცდა ჰქონდეს. ყველამ ვიცით, რომ სასამართლოში არ არის კორუფცია და ახლა სრულფასოვან ინსტიტუტად უნდა ჩამოყალიბდეს. ეს არის ჩემი პირველი მთავარი მოთხოვნა", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მეორე საკითხი ეს არის მედიაზე ყველანაირი ზეწოლის შეწყვეტა.
"თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით სხვადასხვა პროცესები მიმდინარეობს. იყო მუქარები "რუსთავი 2"-ისა და სხვა ტელევიზიების მიმართაც. იყო შემთხევევბი, როდესაც ტელეარხები დაიხურა, მეპატრონეები გამოიცვალნენ და ა.შ. ფაქტია, რომ მედიის მიმართულებით პოლიტიკური კონტროლის დამყარების გეგმაზომიერი კამპანია მიმდინარეობს. ქვეყანაში იქნება, როგორც ერთი, ისე მეორე სახის მედია. ჩვენ მთავარია მივაღწიოთ, რომ იყოს პლურალიზმი და არავის არ ჰქონდეს, მთელი მედიის გაკონტროლების საშუალება. ქვეყანაში ალტერნატიურლი აზრი და ოპოზიცია უნდა იყოს. ამაზე ყველანი უნდა შევთანხმდეთ და ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საკითხია შემდეგი – რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი არავის აქვს, არც პრეზიდენტს, არც მერებს, არც პარლამენტის წევრებს, ეს ყველაფერი კანონითაა დარეგულირებული. მიდის მასობრივი დევნა ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ისინი არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წვერები. ეს არის ძალიან ცუდი. ეს არის ცუდი მთავრობისა და ამ ქვეყნისთვის. ქვეყანაში უნდა იყოს ეფექტური მთავრობა, რომელსაც ეყოლება ეფექტური ოპოზიცია, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ მთავრობა იმ შეცდომებისგან დააზღვიოს, რომელიც თუნდაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა და ჩვენ თან ამის გამცდილება გვაქვს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები