პოლიტიკა
პრეზიდენტმა შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის თაობაზე კანონს ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს შს სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის თაობაზე. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის სამართალდამცველი ორგანოების და მოცემულ შემთხვევაში შს სამინისტროს რეფორმირების საკითხს.
"საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ეს რეფორმა არის ქვეყნისთვის გადაუდებელი ინტერესის მქონე, რაც დროულად და კარგად გააზრებულად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს ორჯერ გამოყენება ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს შს სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ. ამავე დროს საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს კანონპროექტი არის საწყისი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯი და რეფორმები უახლოეს მომავალში სწრაფად და კარგად გააზრებულად უნდა განხორციელდეს", - განაცხადა კოჟორიძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, კიდევ რა ნაბიჯების გადადგმას მიიჩნევს აუცილებლად საქართველოს პრეზიდენტი.
"ipn"
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები