პოლიტიკა
შსს-მ 57 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "ამფეტამინი" ამოიღო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა მონაწილეობით, 57 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "ამფეტამინი" ამოიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე არტაკ ჰ. დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები უკანონოდ შეიძინა და მათი საქართველოში უკანონოდ შემოტანა განიზრახა. არტაკ ჰ-მ სომხეთის რესპუბლიკიდან საბაჟო გამშვებ პუნქტ "სადახლოს" გავლით, საქართველოში თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის - TOYOTA LAND CRUISER-ის გაუქმებულ ავზში უკანონოდ შენახული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები შემოიტანა. ავტომანქანის შემოწმებისას სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 96,460 ლიტრი თხევადი ნივთიერება, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 57,24 კილოგრამ ნარკოტიკულ საშუალება "ამფეტამინს" და ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 226,681 გრამ ნარკოტიკულ საშუალება "მეტამფეტამინს" შეიცავდა.შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქიმიური ექსპერტიზის დასრულებისა და ნივთიერებების ოდენობის დადგენის შემდეგ, არტაკ ჰ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქ/პუნქტით და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები