შეუსრულებელი დაპირებები არ არსებობს - ამტკიცებს საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი და ამ ეტაპზე მის პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობას ვერ ხედავს.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამჟამად საქართველოში სახალხო ხელისფლებაა - ქვეყანას კარგი პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავს. ეს განცხადებები ყოფილმა პრემიერმა "გურია ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„პოლიტიკაში დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდება - ვთქვათ, დღევანდელი მთავრობა ხალხს აღარ მოუსმენს, მოხდა ხელისუფლების უზურპაცია, რაც მოხდა სააკაშვილის დროს. არაფერი ამის მსგავსი არ ჩანს. მე ვარ კარგი სათადარიგო მოთამაშე. მე არ მგონია, რომ ჩვენი დაპირებების რომელიმე ნაწილი არ შევასრულეთ. მე მრავალჯერ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ, რომ ვიზიარებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას დაპირებებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს ხელისუფლებაში არ ვარ. სიამოვნებით ჩავერთვებოდი, თუ გნებავთ, რაღაც კონფერენცია გავაკეთოთ გნებავთ მედიასთან, გნებავთ სპეციალისტებთან ერთად, რომლებიც ექსპერტებს ეძახიან საკუთარ თავს და ვასაბუთოთ რა ვთქვით, რა დავპირდით და რა არ გავაკეთეთ. დაპირებები რაც იყო, ყველაფერი შესრულდა და სრულდება. მაგალითად პროკურატურის კანონი შედის", - განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციაზეც ისაუბრა.
„ერთი პრობლემაა, რომ ყოველთვის უნდა აკრიტიკოს, კარგია თუ ცუდია, ყოველთვის უნდა თქვას ცუდი, როგორი კარგიც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. მე მგონია, რომ აქაც ცოტა განვითარება გვაკლია,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები