საქართველოს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები სტუმრობენ. დელეგაციას ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი ხელმძღვანელობს.
დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ განუცხადა, საუბარი ევროკავშირთან ურთიერთობის დღის წესრიგს, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას, ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების დაჩქარების აუცილებლობას და ყველა იმ რეფორმას შეეხო, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულებით იყოს მუშაობა წარმატებული. "დელეგაციის წევრებს ბევრი კითხვა ჰქონდათ საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ევროკავშირის დელეგაციაა, აინტერესებთ ნატოსთან ჩვენი თანამშრომობის პერსპექტივები და ის, თუ რას ვაპირებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარების მიზნით, როგორ ვხედავთ რუსეთთან ურთიერთობებს და მის როლს რეგიონში. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რა ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ე.წ. საზღვრის მიღმა რეგიონებში. დღის მეორე ნახევარში დელეგაციის წევრები აპირებენ თავად ჩავიდნენ ადგილზე და ნახონ ის მავთულხლართები, რომლებიც იქ რუსმა ოკუპანტებმა გაავლეს", - განაცხადა დავით დონდუამ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა.
"ევროპარლამენტი ბევრ აკეთებს ამ მიმართულებით. დელეგაციის წევრებმა დაგვარწმუნეს, რომ ეს პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები შეხვედრებს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთანაც გამართავენ. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებასა და საპარლამენტო უმცირესობასთან. ევროპარლამენტარები დღესვე საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ და სოფელ ხურვალეთს ეწვევიან.
მასალის გამოყენების პირობები