საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში 26 პირის პრემიებზე 537 048 ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მოანცემთა ბაზის IDF-ის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ყველაზე მაღალი პრემია 13 თვის მანძილზე პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა ზურაბ დარჩიაშვილმა - 47 710 ლარი აიღო. გაცემული პრემიის ოდენობით მეორე ადგილზეა პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი ნათია ბანძელაძე, რომლის პრემია - 40 013 ლარს შეადგენს.
მესამე ადგილზეა პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი, რომელმაც 13 თვის მანძილზე 38 940 ლარის პრემია აიღო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მოწოდებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირების სახელები, შეუძლებელია დანამდვილებით იმის თქმა, თუ პრეზიდენტის შვიდი მრჩევლიდან რომელს ეკუთვნის ეს პრემია. შედარებისთვის, დანარჩენი მრჩევლებიდან სამის 13 თვის პრემიები შეადგენს 17 400 ლარს, ერთის - 19 320 ლარს, ხოლო ორი დანარჩენის - 2000 და 4000 ლარს. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პრემია აქვს აღებული პრეზიდენტის სამდივნოს უფროსს 13 თვის მანძილზე 32 240 ლარი.
თუ შევადარებთ მრჩევლების მიერ აღებულ პრემიებს მათ თანამდებობრივ სარგოს, მივიღებთ, რომ ერთ-ერთმა მრჩეველმა 13 თვის მანძილზე ხელფასზე 1.49-ჯერ მეტი პრემია აიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდეობრივი სარგო განსაზღვრულია 2 300 ლარით. შესაბამისა პრესსამსახურის უფროსმა 13 თვის მანძილზე ხელფასზე 1.3-ჯერ მეტ თანხას იღებდა პრემიის სახით. ხოლო პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა იგივე პერიოდში ხელფასზე 1.59-ჯერ მეტი თანხა პრემიის სახით აიღო.
მასალის გამოყენების პირობები