პოლიტიკა
უცნობია თუ რამდენი ბრალდებული იმყოფება წინასწარ პატიმრობაში
საერთო სასამართლოებს არ მოეპოვებათ სტატისტიკა, თუ რამდენი ბრალდებული იმყოფება ამ დროისთვის ციხეში წინასწარი პატიმრობისთვის განკუთვნილ 9-თვიან ვადაზე მეტი ხნით.
"სასამართლოებში ცალკე არ აღირიცხება იმ პირების რაოდენობა და ვინაობა, რომლებიც ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წინასწარი პატიმრობისათვის განსაზღვრული 9-თვიანი ვადაზე მეტი ხნით იმყოფებიან. შესაბამისად, ამ ეტაპზე მოკლებულნი ვართ ინფორმაციის მოწოდების შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის #3/2/646 გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე დაიწყება მუშაობა და შეძლებისდაგვარად, სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პარალელურად მოგეწოდებათ ინფორმაცია", - ნათქვამია საქართველოს უზენაესი სასამართლოს წერილში.
საკონსტიტუციო სასამართლომ 15 სექტემბერს გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე "საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", სადაც დავის საგანი იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც უშვებს პატიმრობის 9-თვიანი ვადის გამოყენების შესაძლებლობას თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც პირს ბრალი ედება პატიმრობის გამოყენებამდე ჩადენილ დანაშაულში, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ჩანაწერი არაკონსტიტუციურად ცნო.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები