პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკში ვიზიტი შეაჯამა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ი სამუშაო ვიზიტის პირველი ეტაპი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველოს თემატიკის გასააქტიურებლად ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
"გვქონდა შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან. მთვარი საკითხები, რაზეც ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას, არის, ერთი მხრივ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პროცესების გაღრმავება, მეორე მხრივ, მსოფლიო პოლიტიკური დისკუსიების კონტექსტში საქართველოს თემატიკის გააქტიურება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ნიუ იორკში, გაეროს ოფისში საქართველოს პრეზიდენტმა ორმხრივი შეხვედრები გამართა პოლონეთის, ხორვატიის, სლოვენიის, ლიტვისა და ლატვიის ლიდერებთან, ასევე ბელგიის პრემიერმინისტრთან. გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა საგარეო ურთიერთობათა საბჭოში, ფორდჰეიმის უნივერსიტეტში კი საჯარო ლექცია წაიკითხა. ქვეყნის პირველმა პირმა მონაწილეობა მიიღო ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში - "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, ქალთა როლის გაძლიერება". ის კონექტიკუტში სანაპირო დაცვის აკადემიას ეწვია, დაღუპული ქართველი კადეტების - სოსო მაკარიძის და ბესო გორჯოლაძის ხსოვნას პატივი მიაგო და კურსანტებს სიტყვით მიმართა.
დღეიდან სახელმწიფოს მეთაური სამუშო ვიზიტს განაგრძობს ვაშინგტონში, სადაც დაგეგმილია შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინთან. ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტებს და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება. დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ვილსონის და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმარათება კარნეგის ცენტრის ხელმძღვანელთან, უშიშროების და საგარეო ურთიერთობის კომიტეტების წარმომადგენლებთან. საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო სადილს გამართავს NDI-ის ხელმძღვანელებთან და ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასაც შეხვდება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები