საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს დღესაც გააგრძელებს. პრეზიდენტის მრჩევლის პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, დღეს შეხვედრა იქნება დიპლომატიურ კორპუსთან, საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასევე, შეიძლება კომუნიკაცია გაგრძელდეს გარკვეულ საზოგადოებრივ ჯგუფებთანაც, იგივე, მედიის წარმომადგენლებთან.
"დიალოგი არის ამ შემთხვევაში ერთადერთი წამალი, რომელიც ქვეყანას სწორ გზაზე წაიყვანს და არა დაპირისპირების გზით, რომელიც შეიძლება ვიღაცეების ინტერესებში იყოს მართლა. ყველა მხარეს შესაძლოა რაღაც ამ ტიპის ინტერესები ამოძრავებდეს. ქვეყნის გარედანაც შეიძლება იყოს ასეთი ინტერესები, მაგრამ ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა ჩიხრაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული კონსულტაციების გამართვა ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე გადაწყვიტა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები შექმნა.
მასალის გამოყენების პირობები