სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტდაზვერვის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და მის ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მცდელობის ფაქტზე. ამის შესახებ განცხადება შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ გააკეთა. "გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. რაც ითვალისწინებს შეთქმულებას, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება და საგამოძიებო მოქმედებები," - განაცხადა იზორიამ.
23 ოქტომბერს, უკრაინულმა ვეგ-გვერდმა wikileaks.center-მა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა გაავრცელა, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ. ჩანაწერი აუდიო და ვიდეომასალების გარეშეა გამოქვეყნებული. მისი ავთენტურობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და სახეები ამ ჩანაწერის გამოქვეყნებას ირონიით შეხვდნენ. სერიოზული კომენტარი მათი მხრიდან არ გაკეთებულა, მათივე თქმით, საკითხის აბსურდულობის გამო.
მასალის გამოყენების პირობები