ნატო-ს კვირეულის გახსნას მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე სამშვიდობო მისიებიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეები დაესწრებიან, - აცხადებენ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში.
კვირეულის ფარგლებში დედაქალაქსა და რეგიონებში გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. "დაგეგმილია, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი რეგიონული ბიუროს გახსნა ქალაქ გორში, მედია-საშუალებების წარმომადგენლების შეხვედრა ნატოში საქართველოს მისიის ახლანდელ და ყოფილ ხელმძღვანელებთან, სემინარი კოჯრის სერჟანტთა მომზადების სკოლის სტუდენტებისათვის და სხვა მრავალი საინტერესო ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, იუნკერებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან; ასევე, ჩატარდება ახალგაზრდული დებატები, კონფერენციები, გამოფენები, ინტელექტუალური თამაშები და სხვა. ნატო-ს კვირეული 8 ნოემბერს მედია ტურნირით "ნატო-ს თასი" დაიხურება", - განმარტავენ აღნიშნულ ცენტრში.
ნატო-ს კვირეული საქართველოში წელს მერვედ ტარდება. ის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები