მოქალაქეები, რომლებიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-თან ჯერ კიდევ გუშინ საღამოს შეიკრიბნენ და ამ დრომდე იქ ერთმანეთს ენაცვლებიან, დაშლას არ აპირებენ და ეზოს გარეთ კარვებს შლიან. აქ იმყოფებიან როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ასევე ტელეკომპანიის გულშემატკივრები.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, თუ ნახავს რომ ვინმე არის ძალადობის მსხვერპლი,მაშინ "დემოკრატები" ჟურნალისტებს დაიცავენ. "პოლიტიკური ბრძოლის ხაზი არ გადის მხოლოდ თქვენს შლაგბაუმთან, პოლიტიკურ ბრძოლის ხაზი გადის იმ პოლიტიკური აქტივობით, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ვაწარმოებთ. ყველა შეხვედრაზე ამ საკითხს მწვავედ ვაყენებ. ჩემი ამოცანა არის ავარიდოთ ქვეყანას საფრთხე და არ დავუშვათ, რომ აქ ძალადობა განხორციელდეს", - განაცხადა ალასანიამ.
5 ნოემბერს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა და "რუსთავი 2"-ს ახალი დროებითი მენეჯმენტი დაუნიშნა.
მასალის გამოყენების პირობები