ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულებაზე ზაალ უდუმაშვილი უარს აცხადებს და მოუწოდებს მოსამართლე ურთმელიძის მიერ დანიშნულ დროებით მმართველებს, შეასრულონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, თუნდაც დისტანციურად.
ზაალ უდუმაშვილმა სასამართლოს მიერ დანიშნული არხის დროებითი მმართველების დავით დვალისა და რეზო საყევარიშვილის შეთავაზების საპასუხოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის არ არის ფინანსისტი და ვერ აიღებს შესაბამის ვალდებულებას.
"ძალიან მაინტერესებს, როგორ გატარდა საჯარო რეესტრში იმ ვალდებულების დოკუმენტი, რომელიც მე დამაკისრა საყვარელიშვილმა და დვალმა ისე, რომ ჩემი ხელმოწერა არ ყოფილიყო ზედ. ჩემი თანხმობისა და ხელმოწერის გარეშე ამ დოკუმენტის გატარება არ შეიძლებოდა და შესაბამისად ეს დოკუმენტი უკანონოა. მე ვარ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. მე არ ვარ გამოცდილებით ფინანსისტი და ამ ვალდებულებას მე ვერ ავიღებ. 3 დღით ადრე რომ მოუნდათ ჩემზე დაეკისრებინათ ის ვალდებულებები, რაც კომპანიას აქვს გასასტუმრებელი, გასაგებია რაზეც მიანიშნებს. მათ სურთ კომპანია შეიყვანონ ჩიხში, ამას ვერ მოესწრებიან. თქვენ გაქვთ ყველანაირი უფლება, დისტანციურად შეასრულოთ თქვენი მოვალეობები,რადგან გააგაჩნიათ წვდომა ბუღალტერიასთან. კეთილი ინებეთ და შეასრულეთ",- დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები