პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრემიერის შეფასებით, კოალიციაში პოლიტიკურმა დაპირისპირებამ მიუღებელი ფორმა მიიღო.

რადიო "ათინათი" მთავრობის მეთაურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ და რის გამო დაიწყო დაპირისპირება. ეს არ უნდა ვაკადროთ, პირველ რიგში, იმ ხალხს, ვინც 2012 წელს მხარი დაგვიჭირა, ქვეყნის მართვა გვანდო და რომლებიც საქართველოს უმრავლესობას შეადგენენ. ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს, რომ პოლიტიკოსები მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკუთარ ქმედებებსა და განცხადებებს, იფიქრონ და დასახონ ხალხის პრობლემების მოგვარების გზები.

რამდენიმე დღის წინ გავაკეთე პოლიტიკური განცხადება იმის შესახებ, რომ კოალიციის წევრების მხრიდან თავდაცვის მინისტრის მისამართით ამ ტიპის საჯარო ბრალდებები მიუღებელია და დღესაც ამ აზრზე ვრჩები. თუმცა, ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ თინათინ ხიდაშელი პირველ რიგში მთავრობის წევრია, იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიუღებელია მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი ჯარის პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალური დისტანცირება. დაუშვებელია, რომ ჩვენთვის საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართული.

საქართველოს მომავლისთვის უცხო და მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული სტალინისტური სენტენციები, რადიკალიზმი და მარგინალური ფსევდოტრადიციები. "ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ეროვნულ თვითმყოფადობაზე დაფუძნებით, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს უზრუნველყოფს. სწორედ "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა უდიდესი ცვლილებები 2012 წელს, უფსკრულისკენ მიმავალი ქვეყანა დააბრუნა ისტორიული განვითარების გზაზე.

დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს განახლების პროცესი, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რომელიმე, თუნდაც ერთი ადამიანის ღვაწლის დავიწყებას.

"ქართული ოცნება" აუცილებლად იქნება ისეთი ძლიერი პოლიტიკური ერთობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ეროვნულ ღირებულებებზე, განვითარებაზე, პროგრესზე და ამ გზით საქართველო არა მხოლოდ მექანიკურად შეუერთდება ევროპას, არამედ, ქართული ტრადიციული და კულტურული ღირებულებებით გაამდიდრებს ევროპულ ოჯახს და მისი სრულფასოვანი წევრი გახდება.

"ქართული ოცნება" მზად არის, ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც ამ პროცესს ფეხს აუწყობს, ვისთვისაც ამგვარი პოლიტიკური ხედვა სისხლხორცეული გახდება, ვინც შეძლებს, დაძლიოს ვიწროპარტიული და ჯგუფური ინტერესები და გაერთიანდეს მთავარი მიზნის – ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარშემო.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას",- აღნიშნულია განცხადებაში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.