ავღანეთის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 27 ქართველი ჯარისკაცი დაშავდა, მათგან ათი მოვალეობის შესრულებას უკვე შუედგა. დაჭრილების რაოდენობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სამინისტროში გუშინ საღამოს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 27 დაშავებული სამხედრო მოსამსახურიდან ათი უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას. დანარჩენი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მინისტრის თქმით, თავდაცვის უწყება უწყვეტ რეჟიმში იღებს ინფორმაციას დაშავებულების მდგომარეობის შესახებ. ალასანიას ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე დაშავებული ქართველი ჯარისკაცი გერმანიაში ან საქართველოში გაგზავნონ სამკურნალოდ.
რაც შეეხება გარდაცვლილთა გადმოსვენების საკითხს, როგორც გუშინ მინისტრმა აღნიშნა, მათ სამშობლოში ოცდაოთხი საათის განმავლობაში გადმოასვენებენ. ასევე, ალასანიას თქმით, მედიას სამინისტრო დღესაც მიაწვდის ინფორმაციას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და გარდაცვლილთა სამშობლოში ჩამოსვენების ზუსტი დროის თაობაზე.
მასალის გამოყენების პირობები