საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავებას ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
"ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში არავინ არ არის და არავინ არ უნდა იყოს კანონზე მაღლა. ყველა არის თანასწორი კანონის წინაშე, კანონი არის უზენაესი, შესაბამისად, ვანო მერაბიშვილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის, არ იყო და ვერ იქნებოდა პრივილეგირებული. მე ვიცი, რომ ძალიან სერიოზული ბრალი არის გამოკვეთილი, იქ რამდენიმე ეპიზოდია. მე ვიცი, რომ გამოიკვეთა ორი მძიმე კორუფციული ეპიზოდი. გარდა ამისა, მე ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც იკვეთება მისი ბრალეულობა. შესაბამისად, მე კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არავინ არ იქნება პრივილეგირებული, არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილი, არამედ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, მოქმედი პირველი მოადგილე დავაკავეთ იმიტომ, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. შესაბამისად, ეს არ უნდა იყოს გასაკვირი, მით უმეტეს "ნაციონალური მოძრაობისთვის". ყველამ კარგად იცის, თუ რა საქმეებს ჩადიოდნენ მთელი ბოლო 9 წლის განმავლობაში. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ როგორც ვანო მერაბიშვილმა, ისე სხვებმაც, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, რა თქმა უნდა, თუ ეს დამტკიცდება სასამართლოს მიერ, პასუხი უნდა აგონ კანონის მთელი სიმკაცრით", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები