2013 წლის 30 მაისს, სტრასბურგში, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ნილს მუიჟნიეკს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობას, სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებს, ასევე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას. სახალხო დამცველმა კომისარს გააცნო ანგარიში 2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, რომელიც 2013 წლის 28 მარტს საქართველოს პარლამენტს წარუდგინა. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ბევრ სფეროში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა არის ასევე გამოწვევები და პრობლემები, რასაც მუშაობა სჭირდება.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა და სახალხო დამცველმა იმსჯელეს მომავალი თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაღმავებაზე, კომისარმა სახალხო დამცველს აღუთქვა დახმარება ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადებასა და სხვა ინიციატივების განხორციელებაში.
მასალის გამოყენების პირობები