სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ რეგიონის მერებსა
და გამგებლებს ხალხთან შეხვედრისკენ მოუწოდა.
„უფრო მეტად დაინტერესდით ხალხის მდგომარეობით, გამოდით
კაბინეტებიდან, შეხვდით მათ“, - უთხრა შონიამ საკონსულტაციო საბჭოს
შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
გარდა ამისა, გუბერნატორმა ყურადღება რეგიონში არსებულ დასუფთავების
პრობლემაზეც გაამახვილა და შესაბამის უწყებებს უფრო აქტიური
მუშაობისკენ მოუწოდა.
„ამ ეტაპზე დასუფთავების პრობლემა სამეგრელოში ყველაზე მწვავედ დგას.
მე მესმის, რომ შესაბამისი ტექნიკა არ გვყავს, მაგრამ მაქსიმალურად
უნდა ვეცადოთ გამოსწორებას. ცალკე შევხვდები სამართალდამაცავი უწყების
წარმომადგენლებს, რომ აქტიურად ჩაერთონ მის გადაჭრაში.
განსაკუთრებულად თვალშისაცემია მძღოლების მიერ ქუჩების დაბინძურების
ფაქტები“, - აღნიშნა გუბერნატორმა.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დღეს რეგიონის მერები,
გამგებლები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები
დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები