პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე კონკურენციას ვერავინ გაუწევს.
გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში მარგველაშვილი აცხადებს, რომ 1995 წლიდან თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერის მრჩეველი იყო, შესაბამისად მის პოლიტიკურ გამოუცდელობაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია.
"თუ მაღიარებდნენ პოლიტიკაში ადამიანად, რომელსაც რჩევების მიცემა შეეძლო, თუმცა არ ჰქონდა პოლიტიკური ამბიციები, რატომ მიიჩნევენ დღეს, რომ პოლიტიკური გამოცდილება არ მაქვს? ამას რომ თავი დავანებოთ, მაინც ვინ არიან ჩემი კონკურენტები? არიან კი ისინი ადამიანები, რომელთაც პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატებას მიაღწიეს? – არა მგონია, ასე იყოს. მაინც რა პოლიტიკური ტრადიციის მქონეა ეს ხალხი? – არ ვიცი. აი, ჩვენ კი მოვდივართ სრულიად ახალი პოლიტიკური წესებით, სადაც ყველაფერი ნათლად ითქმის, სადაც არ არის ინტრიგა, სადაც ხალხს ვუზიარებთ ჩვენს გეგმებს, სადაც მოსახლეობას ნათლად ვეუბნებით იმ სირთულეებისა თუ წარმატებების შესახებ, რაც გვაქვს. რომელიმე ასეთი პოლიტიკური ტრადიციის ადამიანი მიპირისპირდება დღეს მე? ვფიქრობ, რომ არა", - აცხადებს მარგველაშვილი.
მისივე განცხადებით იგი არ მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ტყუილი დასაშვებია და არც ბიზანტიურ ქვეთამაშებს აპირებს, შესაბამისად, ფიქრობს, რომ კონკურენციას ვერავინ გაუწევს.
გიორგი მარგველაშვილთან ვრცელი ინტერვიუ გაზეთ "ყველა სიახლის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.
მასალის გამოყენების პირობები