ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების შესახებ განცხადება გაავრცელა:
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე, მერიის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება - გაფლანგვის ფაქტზე, მოწმის სახით იკითხებიან ქალაქ თბილისის მერიის და გამგეობების თანამშრომლები. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 - ე მუხლის მესამე ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით.
აღნიშნული პირები იყვნენ დაბარებულები დაკითხვაზე, რის შემდეგაც მათ დატოვეს საგამოძიებო სამსახური",-ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მერია კი დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს იმ თანამშრომლების ვინაობას ასახელებს, რომლებიც დღეს დილით დააკავეს.
მერიის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქუჩაში იძულების გამოყენებით, ხელბორკილების დადებით დააკავა მერიისა და საკრებულოს 22 თანამშრომელი, მათ შორის: დავით ალავიძე, დავით ნინიძე, მამუკა ახვლედიანი, ნოდარ სანდუხაძე, ლექსო თაბუაშვილი, დავით ავალიანი, ვახო ცაგარეიშვილი, ბესო კვიციანი, ლევან ნებიერიძე, ზურა კიკვაძე, ავთო სულაბერიძე, ნიკო აბრამიშვილი, ბექა მეშვერდიშვილი, ვახტანგ გაგუა, მიხეილ ქირია, კოკა ღვინიანიძე, მამუკა ბერაძე, ალექსანდრე ჩაფიჩაძე, გიორგი დარჩია, დიმიტრი ჩხეიძე, ზაზა გუდიაშვილი, გოგიტა ნიკოლაძე.
მერიის ინფორმაციით, გამომძიებლებმა საგამოძიებო სამსხურში მიყვანისას დაიწყეს მათ მიმართ ბრალის წარდგენისა და დაკავების ოფიცალურად გაფორმების პროცედურა.
"თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, მათ ეს პროცედურა შეწყვიტეს და მოხდა დაკავებული პირების ფორმალურად დაკითხვა, იმისათვის, რომ მათი საგამოძიებო ორგანოში ყოფნის ფაქტი გაემართლებინათ. ზოგიერთი მათგანი დაკითხვის გარეშე იქნა უკანონოდ დაკავებული. აღნიშნული წარმოადგენს, მათთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. მოვითხოვთ საქართველოს მთავარი პროკურორისგან, გამოძიებული იქნეს აღნიშნული საქმე და დანაშაულის ჩამდენი პირები სათანადოდ დაისაჯონ. აღნიშნული წარმოადგენს თბილისის მერიაზე და საკრებულოს წევრებზე უპრეცედენტო პოლიტიკურ ზეწოლას, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა", - აცხადებენ მერიაში.
მასალის გამოყენების პირობები