გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია -
„თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა
წარადგინა. მან დელეგატებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და
ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან
დაკავშირებით და ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან
საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე. მან
ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად გასულ წელს საბჭოს პირდაპირი
მოწოდებისა, უმაღლესი კომისრის ოფისს ჰქონოდა აფხაზეთისა და ცხინვალის
რეგიონებში შესვლის საშუალება, საოკუპაციო ძალამ არ დაუშვა გაერო-სა
და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის შეღწევა
ამ რეგიონებში. ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის
განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ამერიკის შეერთებული
შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის დელეგაციებმა.
თავიანთ გამოსვლებში, აღნიშნული ქვეყნები მიესალმნენ საქართველოს
თანამშრომლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის
ოფისთან.
23 მარტს მიღებულ რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ
ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის
მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.რეზოლუციაში
აღნიშნულია უმაღლესი კომისრის 2017 წლის ანგარიშში მოცემული
შეფასებები და ხაზგასმულია საქართველოს რეგიონებში ეფექტური კონტროლის
მქონე ძალის პასუხისმგებლობა - უზრუნველყოს ადგილზე ადამიანის
ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. რეზოლუციაში
ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას,
მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასა და ეთნიკურად ქართველი
მოსახლეობის სახლების მიზანმიმართულ ნგრევასთან დაკავშირებით.
ამასთანავე, გამოთქმულია შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებული
პირები და ლტოლვილები, კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ საცხოვრებელ
სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას. დოკუმენტში ნათქვამია,
რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ
აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონებში შესვლის საშუალება. აღნიშნულიდან
გამომდინარე, რეზოლუციაში არის მოწოდება - მოხდეს უმაღლესი კომისრის
ოფისისა და მონიტორინგის სხვა მექანიზმების დაუყოვნებლივი შეღწევის
უზრუნველყოფა. ამასთან, ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული
რეზოლუციით ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს,
განაგრძოს საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების გაწევა და
წარმოადგინოს ანგარიში რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით,
საბჭოს მომდევნო - 38-ე და 39-ე სესიებზე.
მასალის გამოყენების პირობები