ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, ციხის ყოფილი უფროსის ამირან ჯანაშიასა და რომეო როგავას სასამართლო პროცესზე სულ სამი მოწმე დაიკითხა. სამივე დაკითხული, როგორც მათ სასამართლო პროცესზე განაცხადეს ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი წარმომადგენლები იყვნენ.
მოწმეებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ ციხის ყოფილი დირექტორი ამირან ჯანაშია, რომეო როგავა და დაწესებულების სახვა თანამშრომლები მათ სცემდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ერთერთი მოწმის, ირაკლი მახათაძის თქმით, მის ცემაში, ზუგდიდის #4 საპყრობილის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია, ციხის თანამშრომლები, რომეო როგავა, უფროსის მოადგილე დიმიტრი ჯიჭონაია, ირაკლი ჭითანავა, ვინმე ონისე, კობა ანთია, დავით გოგოლი და სხვები იღებდნენ მონაწილეობას.
„ციხეში მიყვანის დროს ჯანაშიამ მითხრა ტანსაცმელიც და საცვალიც ჩაიხადეო. მე უარი ვუთხარი, მან კი მითხრა შენ კი არა დედაშენსაც ჩავხდითო. ამის შემდეგ უმოწყალოდ მცემეს. იყო გინება, ფურთხება...“ - განაცხადა სასამართლო სხდომაზე ირაკლი მახათაძემ.
მახათაძის თქმით, წამებისა და არადამიანური მოპყრობას პატიმრების მიმართ სისტემური ხასიათი ჰქონდა.
„კვირაში სამჯერ ან ორჯერ ჰქონდა ცემას და წამებას ადგილი. გაგვაშიშვლებდნენ, დაგვაყენებდნენ ჩაკუზულებს და უკანაზურგზე სანთებელებს მოგვიახლოვებდნენ“,- განაცხადა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმე მახათაძემ.
მისივე თქმით, პატიმრების ცემის შემდეგ ციხის ყოფილი უფროსი და სხვა თანამშრომლები იცინოდნენ და კმაყოფილი სახეები ჰქონდათ.
მოწმე, ირაკლი მახათაძის თქმით ციხეში ასევე, შესული იყო სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელი ბაგრატ ქირია, რომელიც პატმრებს ურჩევდა, რომ მათი ცემისა და წამების შესახებ განცხადებები არ დაეწერათ. მისივე თქმით, როლანდ ახალაია ქირიაზე, მისი დედის ნასამართლეობის გამო ახდენდა ზეწოლას.
მოწმე ალექსანდრე კახიძის თქმით, მას სისტემაურად სცემდნენ და ასევე, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოწმის განმარტებით, ციხის უფროსი მისგან ბრალის აღიარებას მოითხოვდა, რომელიც ჩადენილი არ ქონდა და ამას მისივე განმარტებით, ჯანაშიას, როლანდ ახალაია ავალებდა.
„ცემისა და არაადამიანური მოპყრობის გამო გადავყლაპე ორი „კუსაჩკა“. ამიტომ სასწრაფოდ გამოიძახეს ჯანაშია. ჩადენილის გამო მან უმაწყალოდ მცემა, ფეხებით შემადგა და 15 წუთი მცემა, სანამ არ დაიღალა“ - უთხრა სასამართლოს კახიძემ.
სასამართლო სხდომის დამთავრების შემდეგ, ციხის ყოფილმა უფროსმა ამირან ჯანაშიამ განაცხადა, რომ მოწმეების ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.
ბრალდებულების ადვოკატმა სოსო ჯალაღონიამ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროკურატურის არგუმენტები სუსტია, ხოლო მოწმეების ჩვენებები არის ზოგადი.
სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელი ბაგრატ ქირია მოწმის, განცხადებას უარყოფს და აცხადებს, რომ მას პატიმრებისთვის ცემისა და წამების ფაქტების დამალვის შესახებ, რჩევები არასოდეს მიუცია. ხოლო მოწმეების მიერ გაჟღერებულ ბრალდებას თითქოს იმ დროისთვის როლანდ ახალაიას ქირიას დედა ყვადა დაპატიმრებული. ქირია აფსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ დედამისი 2006 წელს დააკავეს.
„ეს გახმაურებული ფაქტი იყო და ამაზე სახალხო დამცველის ანგარიშსი იყო ასახული. აქედან გამომდინარე ეს არგუმენტად არ გამოდგება“, - აცხადებს ბაგრატ ქირია.
მასალის გამოყენების პირობები