საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებისთვის ეგვიპტეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
მასში ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში მკვეთრად გამწვავებული ვითარებიდან გამომდინარე, რომლის შედეგადაც ქვეყანაში გაუარესდა უსაფრთხოება, ხოლო შეტაკებების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მიმართავს ეგვიპტის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე.
კერძოდ, ეგვიპტის კურორტებზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ტურ-ოპერატორებთან და არ უნდა დატოვონ დასასვენებელი ზონების ტერიტორია.
საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება ეგვიპტის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კაიროში რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებით უნდა მოერიდონ დემონსტრაციებისა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს.
ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ კაიროში საქართველოს საელჩოს, ცხელ ხაზზე: +2010 110 888 44
მასალის გამოყენების პირობები