შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს 1-ლი სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები: ბაკურ ბ, ილია ს, და თორნიკე ჯ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამეგრელოსა და იმერეთში ერთდროულად დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები აღიარებენ ე. წ. ქურდულ სამყაროს, ამ სამყაროს წესების დაცვით მონაწილეობდნენ ე. წ. ქურდულ გარჩევებში, დავალებებს იღებდნენ ე. წ. კანონიერი ქურდებისაგან, თავის მხრივ კი შესაბამის მითითებებს აძლევდნენ ქურდული სამყაროს სხვა წევრებსა და მათი გავლენის ქვეშ მყოფ პირებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს კავშირი ჰქონდათ ე. წ. ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ პირებთან, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).
წყარო:police.ge
მასალის გამოყენების პირობები