მეგის ქარდავას მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ახალ დეტალებზე პატიმარი ბელა როგავა საუბრობს. როგავა თავად იყო ქარდავას მსხვერპლი, - ამის შესახებ ადვოკატმა სალომე აბულაძემ დღეს "პირველი რადიოს" პრესკლუბში განაცხადა.
მისი თქმით, მეგის ქარდავას მხრიდან პატიმარზე წამება გაუგონარი მეთოდებით ხდებოდა.
"ქარდავა მას სხეულზე აწვავდა სიგარეტს, აყენებდა შეურაცხყოფას, ძალადობდა მასზე, ნარკოტიკიც კი დაალევინა აღიარებითი ჩვენების მისაღებად, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. ბელა როგავას წამება დილის 11 საათიდან ღამის 2 საათამდე მიმდინარეობდა. მას თავით თაბაშირ-მუყაოს კედელიც კი შეანგრევინეს. პატიმარი ვარაუდობს, რომ ზუგდიდში აღმოჩენილ კადრებში, შესაძლოა, მისი ცემის ფაქტებიც იყოს ასახული", - აღნიშნა სალომე აბულაძემ.
მისივე განცხადებით, ბელა როგავა 2008 წელს დააპატიმრეს 144-ე მუხლით, რომელიც ადამიანის მძევლად აყვანას ითვალისწინებს. მან ეს კონკრეტული დანაშაული აღიარა, თუმცა მეგის ქარდავა მისგან ითხოვდა ამ დანაშაულში თანამონაწილე პირების დასახელებასაც, რაც როგავამ არ გააკეთა.
სალომე აბულაძის განცხადებით, ამის შემდეგ დაიწყო ბელა როგავაზე ძალადობა. მას პატიმრობაში ყოფნის დროს დაუმძიმეს ბრალი ნარკოტიკული დანაშაულისთვის. საბოლოო ჯამში, მას 16-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ამინისტიის შემდეგ სასჯელი 1/3-ით შეუმცირდა.
ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეგის ქარდავას წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ბელა როგავა აღიარებულია დაზარალებულად.
მასალის გამოყენების პირობები