პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ციხის კადრების ავტორის, ვლადიმერ ბედუკაძის ციხიდან გათავისუფლების ფაქტს საეჭვოდ მიიჩნევს და მთავარ პროკურორს სპეციალური განცხადებით მიმართავს. განცხადებას რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:
”როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ მიიღო პატიმრების წამებისა და მათდამი არადამიანური მობყრობის არაერთ ფაქტზე ბრალდებული ბედუკაძის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების გადაწყვეტილება, რაც მე მოგვიანებით საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისგან შევიტყვე, ამ უკანასკნელებმა მთხოვეს, შემეფასებინა ეს გადაწყვეტილება და მე დავპირდი, რომ დეტალური შესწავლის შემდეგ გავაკეთებდი განცხადებას და გამოვხატავდი ჩემს პირად დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი.
პირადად მე არცერთხელ არ ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებ, რაიმე ფორმით ჩავერიო პროკურატურის საქმიანობაში. ცხადია, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან დამოუკიდებლობის ის უპრეცედენტო ხარისხი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მიენიჭა პროკურატურას, თეორიულად, შესაძლოა, შეიცავდეს გარკვეული შეცდომების დაშვების საფრთხეებსა და რისკებს, მაგრამ დღესაც მტკიცედ მჯერა, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობის საჯარო ინტერესი ბევრად აღემატება იმ ნეგატიურ შედეგებს, რაც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება მოჰყვეს არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებას.
რაც შეეხება ბედუკაძის საქმეს, მე გავეცანი ყველა იმ არგუმენტს, რომლებიც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას და მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ პირადად ჩემთვის ისინი არასაკმარისი და არადამაჯერებელია. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისთვის.
ამასთან ერთად, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა იმ საქმის სხვა ფიგურანტების მიმართ გამოჩენილმა ლოიალურობამ, რამაც, ჩემი აზრით, არაადეკვატურად ლმობიერ განაჩენებში ჰპოვა ასახვა.
მიმაჩნია, რომ ეს დაუშვებელია, მითუმეტეს, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში, ფაქტობრივად, დამკვიდრებული იყო ადამიანის უფლებათა უხეში მასობრივი დარღვევების მუდმივი პრაქტიკა. ჩემი შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები ხელს შეუშლის ამ უმძიმესი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის მიმართულ ძალისხმევას.
მინდა ვთხოვო, საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც სასამართლოსგან განსხვავებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამიტომ შემიძლია პირადად მივმართო, კიდევ ერთხელ, კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თუკი გაიზიარებს ჩემს მოსაზრებებს, იქნება გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის”, - ნათქვამია პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები