ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულე საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ეხმაურება. "პრეზიდენტსა და ჩემს შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა , რომელზეც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის უამრავი საკითხი განვიხილეთ ისევე, როგორც ზოგიერთი მნიშვნელოვანი რეგიონული და გლობალური საკითხი. ასევე შევახსენე, საერთო ფასეულობებზე დამყარებული ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ. ეს ასევე გულისხმობს დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემას. ამავე კონტექსტში, ხაზი გავუსვი, რომ ევროკავშირი მნიშვნელობას ანიჭებს კონსტრუქციულ კოჰაბიტაციას – ურთიერთპატივისცემას და გამიჯვნას პარტიული განსხვავებულობისგან ქვეყნის მომავალი ინტერესების გათვალისწინებით, რაც ერთადერთი გზაა აყვავებული, პლურალისტური საზოგადოების შექმნისთვის. ამ სტილის მმართველობისთვის საქართველოს სჭირდება გარდამავალი პერიოდი და შესაძლებლობა ყველა მოქალაქის კეთილდღეობისთვის. ამ მხრივ, განსაკუთრებით მივესალმები პარლამენტში პარტიებს შორის არსებულ კონსტრუქციულ თანამშრომლობას", - ნათქვამია ევროკომისრის განცხადებაში.
შტეფან ფულე ასევე აღნიშნავს - იმისათვის, რომ ამ გარდამავალ პერიოდს წარმატება მოჰყვეს, საქართველოს ჯერაც სჭირდება დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და ძალისხმევის გაღრმავება საზოგადოების პოლარიზაციის თავიდან ასაცილებლად.
"ევროკავშირი სრულად სცემს პატივს საქართველოს ახალი ხელისუფლების დანაპირებს ქართველი ხალხის მიმართ, რომ გადაჭრას ყველა ის საკითხი, რაც წარსულის მემკვიდრეობით ერგო. ჩვენ გვჯერა, რომ ეს საერთაშორისო ვალდებულებებისა და ევროპული ფასეულობების სრული შესაბამისობით გაკეთდება. მართლმსაჯულების სამართლიანობისა და პოლიტიკური ჩარევისგან გათავისუფლება უმნიშვნელოვანესია, თუმცა არც დაუსჯელობა უნდა იქნას დაშვებული. მოვუწოდებ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუციებს და თავი შეიკავონ მათი პარტიული მიზნებისთვის გამოყენებისგან", - ნათქვამია ფულეს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები