მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაბმული პირების დაკავებისგან თავი შეიკავების შესახებ პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული მოწოდება შეასრულოს.
ამის შესახებ კბილაშვილმა ტელეკომპანია "მე-9 არხის" ეთერში გადაცემა "მთავარ კითხვაში" სტუმრობისას განაცხადა.
"განცხადების სულისკვეთება მდგომარეობს იმაში, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც პოლიტიკური პროცესი მაქსიმაურად ღია და გამჭვირვალე გარემოში წარმიმართოს. ამ პერიოდში სამართალდამცველმა ორგანოებმა გამოამჟღავნონ მაქსიმალური ყურადღება, მობილიზება. შეეცადონ, რომ პოლიტიკურად გამწვავებულ ვითარებაში არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რაც მავანსა და მავანს საშუალებას მისცემს პრეტენზიის განცხადებისა. კონკრეტულად მოქმედება უნდა იყოს აგებული იმაზე, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუკი ჩვენ ვთვლით, რომ სახეზეა დანაშაულის ნიშნები და სავარაუდოდ, ეს დანაშაულის ნიშნები იყოს ამა თუ იმ პირის ქმედებაში, რომელიც პოლიტიკურ აქტიურობაშია ჩართული, განცხადების არსი მდგომარეობს იმაში, რომ თავი შევიკავოთ, ანუ იმ პერიოდში, როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ვიყოთ მაქსიმალურად თავშეკავებულნი, თუ დანაშაულის ბუნებიდან რაღაც სხვა არ გამომდინარეობს, რაც ძირითადად, ძალადობრივ დანაშაულებებს ეხება, რომ გამოძიების მეთოდები არ იყოს მიმძლავრებითი, არ იყოს დევნითი და ამან თავისუფალ არჩევნებზე გავლენა არ იქონიოს. ასე, რომ სულისკვეთება არის თავშეკავების, მობილიზების და საარჩევნო გარემოს მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის. ეს სულისკვეთებაა ამ განცხადებაში და ბუნებრივია, ამ მოწოდებას ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში შევასრულებთ", - განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებსა და საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა.
"მივმართავ პროკურატურისა და პოლიციის ორგანოებს - მკაფიოდ დასაბუთებული უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ დანაშაულში მხილებულ იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და დაკავებისაგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში. ჩვენი პრიორიტეტია ყველა დამნაშავის განსასჯელის სკამზე დასმა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში უფრო მაღალი პრიორიტეტია პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფა. არჩევნებში პროკურორიც და მოსამართლეც ხალხია და ხალხის თავისუფალმა არჩევანმა უნდა განსაზღვროს, ვის რა ნდობა აქვს დღეს და ვის რა პერსპექტივა აქვს მომავალში", - ნათქვამია მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები