ჩვენ ახლა ვართ ისტორიული ხელშეკრულების დადების ზღვარზე, რომელიც გააძლიერებს საქართველოს ადგილს აღმოსავლეთ პარტნიორობაში. მე მოვუწოდებ საქართველოს, რომ ჩაებღაუჭოს ამ შესაძლებლობას ორივე ხელით", - ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველომ უნდა დაიცვას ევროპული ფასეულობები და ქვეყანა საკუთარი მოქალაქეებისთვის უფრო მიმზიდველი გახადოს.
"ჩვენ მომთხოვნი პარტნიორი ვიქნებით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენ შეგვიძლია იმისთვის, რათა ვიდგეთ საქართველოს გვერდში, როცა გადავალთ ახალ ფაზაზე ჩვენი ერთიანი ისტორიის", - აღნიშნა შტეფან ფულემ.
ამასთან, ევროკომისარმა იმ დადებით პოტენციალზეც ისაუბრა, რისი მიღების შესაძლებლობაც საქართველოს ასოცირების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების შედეგად ექნება.
"ვილნიუსის სამიტს აქვს იმის პოტენციალი, რომ გახდეს წყალგამყოფი ევროკავშირის ურთიერთობაში საქართველოსთან და მთლიანად აღმოსავლეთ სამეზობლოსთან. მე სინამდვილეში ამას ვეძახი თამაშის წესების შეცვლას. ჩვენ პრაქტიკულად ვასრულებთ ასოცირების შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით და როცა ვამბობ, რომ ვასრულებ, მე ნამდვილად ამას ვგულისხმობ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელშესახებ შედეგს მოიტანს საქართველოსთვის, ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას მისი ტრასნფორმაციის გზაზე. იგი საქართველოს არა მარტო შესაძლებლობას მისცემს გავიდეს ახალ ბაზარზე და შექმნას ახალი თანამშრომლობის მაგალითები, არამედ საქართველოს შეეძლება გამოიყენოს ეს შესაძლებლობები უკვე გაძლიერებული ინსტიტუტების არსებობისა და ინფრასტრუქტურის პირობებში. მეორე – იგი მოაგვარებს ძალიან კონკრეტულ სპეციფიკურ ყოველდღიურ საკითხებს, რომელიც შეეხება გზების უსაფრთხოებას, სურსათის უვნებლობას, ჰაერის ხარისხს და ა.შ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ასოცირების ხელშეკრულება წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც დაეხმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სამომავლო განვითარებასა და კეთილდღეობას, ხელს შეუწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, იქნება უფლებების დაცვის გარანტია და აგრეთვე, პირადი თავისუფლების გარანტიაც. ესაა ერთადერთი გზა, რომ გაიხსნას თითოეული მოქალაქის სრული პოტენციალი და ეს პოტენციალი იქნას გამოყენებული. მე ძალიან მიხარია, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდა. ჩვენ, პრაქტიკულად, უკვე შეგვიძლია მოვამზადოთ საბოლოო შინაარსობრივი დოკუმენტი და გავხსნათ იგი ყველა მოქალაქისთვის. ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც შეეხება მხოლოდ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობას, არამედ ესაა დოკუმენტი, რომელიც გამიზნულია პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებზე", - განმარტა ევროკომისარმა.
აღნიშნულის კონტექსტში, შტეფან ფულემ იმედი გამოთქვა, რომ სამიტი მიიღებს მომავალზე ორიენტირებულ დღის წესრიგს საქართველოსთან და აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებაში.
"ეს იქნება ორწლიანი პროგრამა, რომელიც მიგვიყვანს ეკონომიკურ ინტეგრაციასთან და იმ ეტაპამდე, როცა შეუქცევადი გახდება ეს პროცესი. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, რეფორმები ეფექტურად უნდა განხორციელდეს ყველა სფეროში.
რა თქმა უნდა, ყველა ჩვენს პარტნიორს არ სურს ერთი და იგივე სიჩქარით მოძრაობა – ზოგიერთს უფრო სწრაფად უნდა წინ წასვლა. აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის ყველასთვის ერთიანად მორგებული ტანსაცმელი, ეს თვითონ ჩვენს პარტნიორებს შეუძლიათ განსაზღვრონ რას გულისხმობენ ევროკავშირთან უფრო ახლო ურთიერთობებში. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია შემოგთავაზოთ მხარდაჭერის ძალიან დიდი დიაპაზონი იმ პარტნიორებს, რომლებიც უფრო ახლო ურთიერთობებისკენ მიისწრაფიან –დიფერენციაცია ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა შტეფან ფულემ
მასალის გამოყენების პირობები