საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არჩევნებამდე საქართველოში მილიონობით რუსული ფული შემოვიდა. პრემიერი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს აღნიშნული განცხადების გაკეთების საფუძველი არ გააჩნია. "რის საფუძველზე ამბობს ამას პრეზიდენტი? ვნახეთ როგორ გამოვიდნენ ევროკომისარი შტეფან ფულე და საგარეო საქმეთა მინისტრები და როგორი სულისკვეთებაა. რის საფუძველზე ამბობს ეს კაცი, მარტო უნდა რომ დარჩეს საერთოდ და არავის აზრს აღარ იზიარებს. აბსოლუტურად სხვა განწყობაა. პირიქით, ევროსტრუქტურებში, ვინც არ უნდა ნახოთ და ვისაც არ უნდა ესაუბროთ, ყველანი კმაყოფილები არიან. ტემპები დაჩქარდა, თანამშრომლობა გაიოლდა, ყველაფერი იქნება უკეთესად, ვიდრე გეგმავდნენ. ეს არ მოსწონს მხოლოდ ერთ კაცს და ეს ცუდია რომ არ მოსწონს. ერთი კაცის ხედვა რჩება განმარტოვებულად. გაითვალისწინოს ის რაც რეალობაშია. ცარიელი განცხადებები აღარ მოქმედებს ხალხზე, თვითონ მას აზიანებს პირადად. შეეცადოს მეტად ობიექტური იყოს პრეზიდენტი", - განუცხადა ბათუმში გამართული კონფერენციის შემდეგ ივანიშვილმა ჟურნალისტებს.
მასალის გამოყენების პირობები