მაქსიმალურად გავზრდით მოსამართლეთა ხელფასებს, რაც შესაძლებელია ჩვენი ბიუჯეტიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ მაქსიმალური კომფორტი, რომ თითოეულმა მათგანმა თავი დაცულად და დამოუკიდებლად იგრძნოს.
"სასამართლოს და მოსამართლეებს უნდა შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი რომ ისინი ნაკლებად დამოკიდებულნი იყვნენ მატერიალურად და მათ ჰქონდეთ ყველაზე კარგი პირობები. პირველი რაც უნდა მივიღოთ, მთელი საზოგადოება უნდა განვითარდეს ჰარმონიულად, წინმსწრებად, თუ ვინმე უნდა განვითარდეს ჩვენს საზოგადოებაში, ეს უნდა იყოს სასამართლო და ესენი უნდა იყვნენ მოსამართლეები. გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მაქსიმალურად გავზრდით ხელფასებს, რაც შესაძლებელია ჩვენი ბიუჯეტიდან და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. მაქსიმალურად გავაუმჯობესებთ სოციალურ პირობებს, ეს იქნება მანქანები თუ სხვა ტიპის ჯანდაცვის დახმარებები, რათა თითოეულმა მოსამართლემ თავი იგრძნოს დაცულად და დამოუკიდებლად", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა მოსამართლემ უნდა იგრძნოს, რომ დღევანდელ მთავრობას აქვს განცდა სასამართლო იყოს დამოუკიდებელი.
"პირველ რიგში, სასამართლო უნდა გრძნობდეს ამას და დღეს როგორც ბატონმა ლევანმა თქვა, თითოეულ მოსამართლემდე მიიტანს ამ სულისკვეთებას, რომ მათთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესი აბსოლუტურად მათზე იყოს დამოკიდებული და არა გარე ძალებზე", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მდივანი ლევან მურუსიძე.
მასალის გამოყენების პირობები