გიორგი თარგამაძე საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში დღეიდან ოფიციალურად ჩაება. ამის შესახებ განცხადება გიორგი თარგამაძემ ქდმ-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების "ქრისტიან-დემოკრატების" ერთობლივ კონფერენციაზე გააკეთა. "ალბათ სიმბოლურია, რომ ეს განცხადება გაკეთდა დღევანდელ დღეს - პეტრე-პავლობის დღესასწაულზე და კონფერენციაზე, რომელსაც ჩვენი ევროპული მეგობრები ესწრებიან. ჩვენი განზრახვიდან ჩანს, თუ რა მიმართულებით უნდა იაროს საქართველომ. ესაა ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი ამოცანა, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ეროვნული თვითმყოფადობა და მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ საქართველოს, როგორც თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ეს შეუძლია მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატიულ იდეოლოგიას. ესაა, ის იდეები, რისთვისაც მე და ჩემი თანამოაზრეები ვიბრძოდით ყველა არჩევნების დროს. ჩვენ, 27 ოქტომბრის არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას. ყველა არჩევნებში მონაწილეობას არა თუ აქვს აზრი, არამედ, ესაა ჩვენი პიროვნული, პარტიული და ეროვნული ვალდებულება. მე იდეალისტი ვარ და ღრმად მწამს, რომ ქრისტიანულ ეთიკაზე დაფუძნებული პოლიტიკით შეიძლება ქვეყნის გამთლიანება და გაძლიერება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში", - განაცხადა თარგამაძემ.
მასალის გამოყენების პირობები