„ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ანაკლიის პორტის შესახებ საუბრობს და ჟურნალისტებს მოუწოდებს,
გადაამოწმონ, რატომ დაირღვა პორტის მშენებლობის ვადები. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ პროექტი სახელმწიფოსგან მხარდაჭერილი იყო.
„ბუნებრივი შეკითხვა მაქვს: სამი წელი გავიდა, 2016 წელს მოიგეს ეს ტენდერი და გადაამოწმეთ, რატომ არ დაიწყო მშენებლობა ამ პორტის? რატომ დაირღვა ვადები? დაფინანსება ვერ მოიპოვეს თუ არ იყო დაფინანსებადი პროექტი ? თუ ჰიპოთეტურად ვიტყვით, რომ ივანიშვილს აინტერესებდა ეს პროექტი, ვინ დაუშლიდა მასში ჩართვას? ვერავინ. მისი ფინანსური რესურსები ხომ აღემატება ყველას, სხვა რა პრობლემა იყო? რა უნდა ყოფილიყო უცხოელი ინვესტორებისთვის უკეთესი გარანტია, მაგრამ ეს პროცესი იყო თავისუფალი და გამჭვირვალე, ამიტომაც არავინ ჩაერია. პორტი აშენდა? სახელმწიფოს კონტრიბუცია 200 მილიონამდეა ამ პროექტში, გარდა მხარდაჭერისა, რა მიიღო ხაზარაძემ ამ მთავრობისგან“, - თქვა ღარიბაშვილმა.
მან ასევე დასძინა, რომ კითხვების არსებობის შემთხვევაში, ხელშეუხებელი არავინაა.
ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ის მმართველი პარტიის პოლიტიკური მდივანი და პოლიტსაბჭოს წევრი გახდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. მან პოსტი 2015 წელს დატოვა.
ამავე თემაზე:
მამუკა ხაზარაძე: თუ ანაკლიის პროექტში არ გსურთ ჩვენი ყოფნა, კაცურად გვითხარით და გავიგებთ
მასალის გამოყენების პირობები