ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ISAF-ის მისიაში გასამგზავრებელი ბატალიონის შემაჯამებელი სწავლება გაიმართა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო. სწავლებაში მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი მონაწილეობდა და მასში ასეევე ჩართული იყო ავიაცია - თვითმფრინავები და ვერტმფრენები.
როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, სწავლებამ წარმატებით ჩაიარა. "დღეს ჩატარდა ძალიან კომპლექსური წვრთნები, სადაც ძირითადი იყო ახლო საცეცხლე დახმარების გამოძახება ჩვენი ქვეითების მიერ. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი წარმატებისთვის, როდესაც ჩვენი ქვეითები გადადიან შეტევაზე. წვრთნაში ჩართული იყო თვითმფრინავები და ვერტმფრენები, საცეცხლე მხარდაჭერა განხორციელდა სწორედ მოულოდნელი თავდასხმის პირობებში და შემდეგ წარმატებულად გააგრძელეს ჩვენმა ქვეითებმა დასახული ამოცანის შესრულება. ეს სწავლება ჩატარდა პარტნიორებთან და ასეთი სწავლებები პარტნიორებთან რუტინულ სახეს მიიღებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
31-ე ბატალიონი ავღანეთში მისიის შესასრულებლად ემზადება. ბატალიონის პირადი შემადგენლობა ჯერ გერმანიაში გაემგზავრება, სადაც შემაჯამებელ-შეფასებითი წვრთნები გაიმართება. გერმანიაში მათი გადასროლა თვის ბოლოს მოხდება, რის შემდეგაც დაბრუნდებიან საქართველოში, საიდანაც გაემგზავრებიან ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობის მისაღებად.
მასალის გამოყენების პირობები