გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სამართალდამცავებთან ერთად მოქალაქეებს პირადობებს მოტყუებით ართმევენ, რათა მათ არჩევნებზე საკუთარი აზრის დაფიქსირება ვერ შეძლონ.
საგანგებო ბრიფინგზე გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ამ გზით ხელისუფლება ამომრჩეველზე „უპრეცენდენტო ზეწოლას“ ახორციელებს.
„ზუგდიდში მიმდინარეობს ოპერაცია „სვავი“. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ ერთი კონკრეტული დავალება, რომ ამ ადამიანებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან უნდა ამოიღონ რაც შეიძლება მეტი პირადობის მოწმობა, რათა არჩევნებზე ვერ გამოხატონ საკუთარი ნება. გარდა იმისა, რომ დადიან სოფლებში, აა(ი)პ "დასუფთავების სამსახურის" უფროსი საკუთარ თანამშრომლებს ემუქრება სამსახურიდან დათხოვნით, თუკი ისინი პირადობებს არ ჩააბარებენ ან ხმას „ქართული ოცნების“ კანდიდატს არ მისცემენ“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
გარდა ამისა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ადგილობრივ მონადირეებს კოლხეთის პარკში გაუმასპინძლდნენ, რის შემდეგაც მათაც პირადობების გადაცემა მოსთხოვეს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ შტაბში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა. შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ მათ მშვიდი საარჩევნო კამპანიის წარმოება სურთ.
„ბატონი ბეჟაშვილი, ბატონი მინაშვილი, ბატონი ხაბეიშვილი ჩაწკრივდნენ რიგში და ფიქრობენ იმის შესახებ, თუ რა მძიმე ვითარებაა, თურმე, ზუგდიდში. რეალობა არის აბსოლუტურად სხვა. „ქართული ოცნება“ აწარმოებს ძალიან მშვიდ, მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს ზუგდიდელებს გეგა შენგელია მისი არჩევის შემთხვევაში. ეს ადამიანები არაერთხელ შეუმჩნევიათ იმაში, რომ ავრცელებენ არაზუსტ ინფორმაციას, ქმნიან, თითქოს, დაძაბულობის ფონს“, - თქვა ჩიქოვანმა.
შტაბის ხელმძღვანელმა ოპონენტებს მოუწოდა, მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში სამართალდამცავებს მიმართონ.
მასალის გამოყენების პირობები