თბილისის საკრებულო დღეს, 13.00 საათზე რიგგარეშე სხდომას გამართავს. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობამ მიიღო. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი დადგება. ეს გადაწყვეტილება უმრავლესობის წარმომადგენლებმა უმცირესობის წევრებთან გუშინდელი შეხვედრების მეორე რაუნდის შემდეგ მიიღეს.
კაციტაძის თქმით, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საკადრო საკითხები აუცილებლად დადგება. "საკითხი დადგება გათავისუფლების ნაწილში და არა ახლის არჩევის ნაწილში. ეს ჩვენგან არის გზავნილი იმისთვის, რომ სხდომაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" უკეთ მოახდინოს პოზიციონირება", - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
მისივე განცხადებით, საკრებულოს 25 დეპუტატის ინიციატივით დღეს რიგგარეშე სხდომა აუცილებლად ჩატარდება, თუმცა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" კონსულტაციები გაგრძელდება.
საკრებულოს უმცირესობასა და უმრავლესობას შორის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გუშინ ორჯერ გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანის განცხადებით, დღის წესრიგთან დაკავშირებით სხდომის დაწყების წინაც იმსჯელებენ, ხოლო კონკრეტული გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე გაჟღერდება.
მასალის გამოყენების პირობები