საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ფარულ ვიდეომასალებს შორის მისი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიცაა.
ამის შესახებ ბაქრაძემ გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა და იქვე განმარტა, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია იმ კომისიის ზოგიერთი წევრისგან მიიღო, რომელსაც აღნიშნულ ფირებთან შეხება ჰქონდა.
"როგორც გადმოცემით ვიცი, ჩემი ჩანაწერებიც არსებობს, რაც ჩემს სიტუაციას სრულიადაც არ ამარტივებს და კარგად სრულიადაც არ მაჩენს. როცა ქვეყნის მეორე პირს გწერენ, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ობიექტურობისთვის ვიტყვი, რომ ჩემი ჩანაწერებიც არსებობს, არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც ჩანაწერები არის", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იყო, აღნიშნული ჩანაწერების არსებობის შესახებ არ იცოდა.
"ამ შემთხვევაში ჩემი მხრიდან იმის თქმა, რომ არ ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ მართლა არ ვიცოდი, საკმარისი არ არის და არცოდნა არცოდვას არ წარმოადგენს", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები