საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განაცხადებით, იწყება მუშაობა შეთანხმების ტექსტის სამართლებრივ ექსპერტიზაზე და მის ხელმოსაწერად მომზადებაზე.
"დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელიც თავის მხრივ ასოცირების შეთანხების ნაწილია. მოლაპარაკებების პროცესის დასრულება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია მიმდინარე წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის წინ. დღეიდან იწყება მუშაობა შეთანხმების ტექსტის სამართლებრივ ექსპერტიზაზე და მის ხელმოსაწერად მომზადებაზე. ამ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მაქსიმალურად სწრაფად და ამავე დროს ხარისხიანად დასრულება, ახალი მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენდა, ეს არის საქართველოს ევროპული არჩევანის კიდევ ერთი დადასტურება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ როგორც მოლაპარაკებების პროცესმა აჩვენა, საქართველოს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთნდობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა აქვს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ამ შეთანხმებით მისი ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო მიიღებს შესაძლებობას, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში მოახდინოს როგორც საქონლის, ასევე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მომსახურების ექსპორტი ევროკავშირში.
"განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შეთანხმება გულისხმობს არა მარტო საიმპორტო ტარიფების ლიბერალიზაციას, არამედ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მოხსნასაც. წვდომა ევროკავშირის, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და მდიდარ ბაზარზე, არის მძლავრი იმპულსი ქართული ბიზნესისა და ექსპორტის განვითარებისთვის. ეს შეთანხმება ასევე მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს მიმზიდველობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესში გაიმართა 6 რაუნდი, თბილისსა და ბრიუსელში, ასევე რამდენიმე ათეული ვიდეოკონფერენცია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი სამინისტრო და უწყება მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები