სალომე ზურაბიშვილი: ჩემი სურვილია, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დაბრუნება ჩემი პრეზიდენტობის ვადაში მოხდეს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ "დამოუკიდებლობის" აღიარების თერთმეტი წლის თავს ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას სჯერა რომ დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება. მისივე თქმით, ეს მისი უმთავრესი სურვილი და მიზანია. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„დღევანდელ დღეს, 11 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს ორი განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" აღიარებით დაარღვია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები. საქართველოს არცერთი ხელისუფლება, არც მოქმედი, არც მომავალი, სანამ არ აღდგება საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დარღვეული მთლიანობა, არ და ვერ შევეგუებით ამას ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ვინც არ მიიღო ეს ფაქტი, დაგმო და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა. მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება. ჩემი უმთავრესი სურვილი და უდიდესი მიზანია, რომ ეს მოხდეს უახლოეს მომავალში, ჩემი პრეზიდენტობის ვადაში, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა გზას და საშუალებას. მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ იმ დროის აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების, თავისუფალი არჩევანის და სიტყვის თავისუფლების უფლება, მსგავსად საქართველოს ყველა მოქალაქისა, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, როგორიც ეკადრება დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის - საქართველოს მოქალაქეს“,- წერს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღეს, რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო, აფხაზური და ოსური კულტურა, ენა და ზოგადად მათი იდენტობა, გაქრობის წინაშეა.
მასალის გამოყენების პირობები