მოგონილი და შეთითხნილი ბრალდებები არ შეიძლებოდა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გამხდარიყო, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების კომენტირებისას ჟურნალისტებს დეპუტატმა როლანდ ახალაიამ განუცხადა.
მისი თქმით, მართლმსაჯულებამ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. "თუ სასამართლო სამართლიანი იქნებოდა, უეჭველად მოველოდი გამამართლებელ განაჩენს, რაც დღეს დადასტურდა", - აღნიშნა ახალაიამ.
ე.წ სამხედროების წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულ 7 პირს ყველა საბრალდებო მუხლი მოეხსნათ.
მოსამართლე გიორგი დარახველიძემ განაჩენის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ 8 ბრალდებულიდან ორს - ალექსანდრე გორგაძეს და ზურაბ შამათავას 140-დღიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრათ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის, პაატა პაატაშვილის შეურაცხყოფისთვის, თუმცა აღნიშნული მუხლი ამნისტირებულია და ორივე ბრალდებულს დაკისრებული სასჯელი გაუბათილდა.
მასალის გამოყენების პირობები