"2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი: ხუთი წლის შემდეგ" , – ამ სათაურით ეხმაურება ეუთო-ს ოფიციალური ვებგვერდი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გასვლიდან ხუთი წლისთავს.
როგორც ეუთო-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, საქართველოში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად ქვეყანამ ტრაგიკულად დაკარგა ასობით ადამიანი, ათასობით ადამიანი კი იძულებით გადაადგილებულია.
"5 წლის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთისთვის სამხედრო კონფლიქტის შედეგად მიყენებულ ზიანს. ეუთოსთვის და მის მისიაში მონაწილე სახელმწიფოებისთვის კონფლიქტმა და მისმა შედეგებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ორგანიზაციას მანდატის არსი: უსაფრთხოების სივრცის შექმნა თანამშრომლობის საფუძველზე, განსხვავებულობის პატივისცემა, ნდობის დამყარება და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისადმი მისწრაფება", - ნათქვამია ეუთო-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ეუთო ასევე აღნიშნავს, რომ აგვისტოს კონფლიქტიდან 5 წლის შემდეგ ორგანიზაცია ინტენსიურად არის ჩართული კონფლიქტის შედეგებისადმი დაკავშირებულ შუამავალ საქმიანობაში.
"ევროკავშირთან და გაერო-სთან ერთად, ეუთო თანათავმჯდომარეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს. ეს მიმდინარე დისკუსიები ერთადერთი ფორუმია, სადაც ყველა დაინტერესებული მხარეა წარმოდგენილი და თავს უყრის მონაწილეებს თბილისიდან, ცხინვალიდან და სოხუმიდან ისევე, როგორც მოსკოვიდან და ვაშინგტონიდან", - ნათქვამია ეუთო-ს მიერ გავრცელებულ წერილში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკებების მხარდაჭერა არ არის საკმარისი.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნულია, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა იმსახურებს მშვიდობას, სტაბილურობასა და შესაძლებლობას იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით.
"ჟენების საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნაა, რათა მან განხილოს საკითხები, რომელიც გავლენას ახდენას კონფლიქტის ზონაში მყოფი მოსახლეობის ყოველდღიურობაზე. ეს საკითხები მოიცავს სახიფათო ზონაში მყოფი ფერმერების უსაფრთხოებას, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძიების ხელშეწყობასა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებთა თავისუფლად გადაადგილების უსაფრთხოების გზების ძიებას.
ამ საკითხების განსახილველად IPRM ტერიტორიაზე ყოველთვიურ შეხვედრებს მართავს. ასევე ამუშავდა "ცხელი ხაზი", რათა პირდაპირი კომუნიკაცია დამყარდეს IPRM-ში ჩართულ ოფიციალურ პირებს შორის. ეუთო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობენ ამ შეხვედრების გამართვას სოფელ ერგნეთში", - ნათქვამია ეუთო-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ეუთო ასევე ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, რომელიც აუმჯობესებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ცხოვრების პირობებს და ორივე მხარეს შორის ნდობას ამყარებს.
"მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება ორივე მხარეს მცხოვრებთათვის წყლის მიწოდების თავალსაზრისით. რამდენიმე ხნის წინ დასრულდა პროექტი, რომელმაც უზრუნველყო წყლის მიწოდება ზნაურის, ნიქოზისა და ზონკარის მოსახლეობისთვის. მუშავდება მომავალი მოქმედების გეგმა საირიგაციო სისტემისა და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია ეუთო-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
მასალის გამოყენების პირობები